მზარეულის სტატუსი საზოგადოებაში - ისტორიული რაკურსი.


პირველი პროფესიონალების შესახებ, რომლებმაც მზარეულის პროფესია აქციეს საარსებო წყაროდ, გვაუწყებენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2600 წლით დათარიღებული კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილი ბერძნული ცივილიზაციის უძველესი ნიშნები.


უძველეს ეპოქაში მზარეულები საჭმელს ძირითადად უმზადებდენ ჯარისკაცებს ჯარის შეკრებების ან საომარი კამპანიების დროს, მოგვიანებით კი უკვე მეფეებსა და იმპერატორებს, ან საზოგადოების განსაკუთრებულად პრივილეგირებული ფენის წარმომადგენლებს. მზარეულთა საქმიანობა უკვე აღარ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მარტივი საკვების მომზადებით, ვინაიდან გაჩნდა დახვეწილი,რჩეული კერძების მოთხოვნილება. ამგვარად წარმოიქმნა და ვითარდებოდა კულინარიაც (ლათინური culina - სამზარეულო) მისი თანამედროვე გაგებით. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ფეხდაფეხ მოჰყვებოდა მზარეულის სოციალური სტატუსის ამაღლებაც საზოგადოების იერარქიაში.


ძველი რომის პერიოდიდან მზარეულები უკვე მიეკუთვნებიან მოქალაქეების განსაკუთრებულ კატეგორიას. მზარეულის პროფესია შუა საუკუნეების ევროპასა და სხვა ქვეყნებშიც მოიხსენიება დიდი პატივისცემით. გერმანიაში კულინარიის სპეციალისტს საზოგადოების განსაკუთრებულ წევრებად აღიარებდნენ. ჯერ კიდევ 1291 წელს მეფის კარის მზარეული სასახლის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრივილეგიების მქონე პირთა რიცხვს მიეკუთვნებოდა.


საფრანგეთში, კულინარიული პროდუქციის წარმოების ხელმძღვანელი, (ანუ შეფ - მზარეული) ვერ გახდებოდა დაბალი წარმოშობის ადამიანი - ამ თანამდებობას მხოლოდ ცნობილი დიდებულები იკავებდნენ. საფრანგეთის მეფის კარის მთავარი მეღვინის თანამდებობა კამერჰერისა და უფროსი მეჯინიბის შემდეგ მნიშვნელობით მესამე თანამდებობად ითვლებოდა. მათ შემდეგ მოდიოდნენ პურის ცხობის ხელმძღვანელი, მთავარი მზარეული, ხოლო შემდეგ სხვა წარჩინებული მოხელეები!


ინგლისში, რიჩარდ II- ის კარზე, ათასი მზარეული მუშაობდა. ეს მზარეულები ათასობით დიდებულებისთვის, რომლებიც მეფის სასახლეში ცხოვრობდნენ ან მსახურობდნენ, ამზადებნენ საჭმელს. კარლ VI- ს კარსაც გაჩნდა სამზარეულოს საკმაოდ მრავალრიცხოვანი პერსონალი. მის ცნობილ მზარეულს ტაილევანტს დაქვემდებარებაში ყავდა ასორმოცდაათი თანამშრომელი.


შუასაუკუნეების საქართველოშიც სამეფო კარს ტრადიციულად ყავდა მაღალი თანამდებობის პირი - "მეღვინეთუხუცესი", რომელიც ხელმძღვანელობდა ღვინის წარმოების და მეფის სუფრაზე ღვინის მიწოდების მთელ პროცესს.


პირველი ცნობა ამ თანამდებობის თაობაზე გვხდება XII საუკუნის წყაროებში. სამეფო კარის თანამდებობრივი წყობილების - „ხემწიფის კარიგების" თანახმად, ის არ მიიჩნეოდა ყველაზე მაღალი წრის ჩინოსნად, მაგრამ სასახლის იერარქიაში ეკავა საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიცია და იყო საშუალო რანგის თავადი, ან აზნაური. ხოლო სამზარეულოს და საცხობის საქმიანობას ხელმძღვანელობდა კიდევ ერთი ჩინოსანი - "თუშმალი", რომელიც ექვემდებარებოდა სამეფო კარის მთავარ მმართველს - "სამეფო კარის სახლთუხუცესს".


თანამდებობრივი წყობილების მიხედვით (იხ. სულხან-საბა ობელიანი) "თუშმალი" მართავდა კულინარიულ წარმოებას, რიგითი და დამხმარე მზარეულების და მცხობელების საქმიანობას და სამეფო კარის დიდგვაროვნების გარკვეული დონის წარმომადგენელობაში, აზნაურებში მოიაზრებოდა.


მზარეულთა პირველი პროფესიული სკოლა XIX საუკუნეში ინგლისში დაარსდა, შემდეგ კულინარული სასწავლებლები შექმნეს ევროპის სხვა ქვეყნებმაც. საფრანგეთში მიიჩნევოდა, რომ მზარეულის საქმის შესწავლა მოზარდმა 6-7 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახელოვნებული, გაწაფული მზარეული ვერ გაიზრდება.


მე -20-ე და შემდეგ 21-ე საუკუნეშიც მზარეულის პროფესია განსაკუთრებყლად მოთხოვნილი, პოპულარული და პრესტიჟული გახდა, კულინარია კი ჭეშმარიტი ხელოვნების სახით განვითარდა და საზოგადოების ყველა ფენაში მოიპოვა აღიარება.


ბილ გეიტსმა ერთხელ საკმაოდ ემოციურად განაცხადა: "ჩვენი ყველა ოცნება არ აღსრულდება. ასე მაგალითად, ბავშვობაში მე ვოცნებობდი, რომ გავხდებოდი მზარეული, მაგრამ ასე არ მოხდა ".


ხოლო, ალ პაჩინომ, კულინარიული ხელოვნების ყველა სირთულის გააზრების შედეგად, აღიარა: "მიუხედავად იმისა, რომ ფილმში „ფრანკი და ჯონი" შევასრულე მზარეულის როლი, არ მომთხოვოთ მოგიმზადოთ რაღაცა. და თუ მოულოდნელად დავიწყებ კერძის მომზადებას, ეს - მკვლელობით დასრულდება. სერიოზულად. მე შემიძლია ფილმში შევასრულო როლი. მოვამზადო სადილი კი - არა"


პროფესიის მაღალი დონის სტატუსის მიღწევისა და აღიარების შედეგად დარგის პროფესიონალებში მილიონერებიც გაჩნდნენ . ჟურნალ Forbes- ის ვერსიით, ჩვენი დროის ყველაზე მდიდარ მზარეულად მიჩნეულია - ბრიტანელი გორდონ რამზი. მისი ქონება 38 მილიონ დოლარადაა შეაფასებული. ამჟამად ის უკვე ფლობს მაღალიკლასის რესტორნების ქსელს, არის შოუმენი, წიგნებისა და სატელევიზიო გადაცემების ავტორი.


უფრო მეტიც შეიძლება ითქვას - ყოველწლიურად, 20 ოქტომბერს, მზარეულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნავენ თავიანთ პროფესიულ დღესასწაულს - „მზარეულის დღეს", რომელიც 2004 წელს დააწესა კულინარიული საზოგადოების მსოფლიო ასოციაციების კონგრესმა.

უკან

Write Close